თიმბილდინგი ეხმარება გუნდის წევრებს, ორგანიზებულად და ჰარმონიულად ითანამშრომლონ საერთო მიზნების მისაღწევად. თიმბილდინგი შედგება მრავალფეროვანი აქტივობებისაგან, რომლებიც ორიენტირებულია ეფექტურ კომუნიკაციაზე, პრობლემების გადაჭრაზე, კონფლიქტების მოგვარებასა და ურთიერთნდობის გაძლიერებაზე.
გასვლითი ღონისძიება ეხმარება თანამშრომლებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი სასიამოვნო, არასამუშაო გარემოში, მოიხსნან ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სტრესები, გააცნობიერონ როგორც კომპანიის, ისე საკუთარი განვითარების პოტენციალი.
სემინარები, დისკუსიები, მასტერკლასები თუ სხვადასხვა საინტერესო ნაწარმოების (ფილმის, სპექტაკლის, წიგნის, სიმღერის) განხილვები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიფართოვონ სააზროვნო თვალსაწიერი, დაფიქრდნენ მნიშვნელოვან ღირებულებებზე და კიდევ ერთხელ შეეხონ საკაცობრიო იდეალებს.
თემატური ტურის მონაწილეები არა მხოლოდ ინფორმაციას იღებენ საინტერესო ადგილების ან ისტორიული ძეგლების შესახებ, არამედ ერთვებიან პროცესში, რომელიც მათგან მოითხოვს კრიტიკულ და კრეატიულ აზროვნებას. საავტორო ტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის რეფლექსია პიროვნული განვითარების, კეთილდღეობისა და ჰარმონიის მიღწევის გზაზე.